საკვებით გადამდები დაავადებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემაა, რაც ყოველწლიურად მილიონობით დაავადების, ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევას იწვევს. დღეს Food Safety Alliance-ი ისაუბრებს საკვებით გადამდები დაავადებების პრევენციაზე და Top 5 რისკზე. ეს დაავადებები ძირითადად გამოწვეულია პათოგენური მიკროორგანიზმებით, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და პარაზიტები, რომლებსაც შეუძლიათ საკვების დაბინძურება ნებისმიერ ეტაპზე ფერმიდან სუფრამდე.
საკვებით გადამდები დაავადებებთან დაკავშირებული მთავარი რისკების გააზრებამ და პრევენციული ღონისძიებების განხორციელებამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს ამ დაავადებების სიხშირე. დღეს ჩვენ განვიხილავთ 5 ყველაზე გავრცელებულ რისკს, მათ მიერ წარმოქმნილ მიკრობიოლოგიურ საფრთხეებს და პრევენციის ეფექტურ ღონისძიებებს.
რისკი: წარმოების ეტაპი მოიცავს სხვადასხვა პროცესებს, როგორიცაა მოსავლის აღება, დამუშავება და საწარმოში დისტრიბუცია, ყველა ეტაპზე შეიძლება მოხდეს პათოგენების გამრავლება, თუ არასწორად იქნება დაცული წარმოების სანიმუშო პრაქტიკა.
პრევენცია:
კვების წარმოების ბიზნესოპერატორმა უნდა განახორციელოს წარმოების სანიმუშო პრაქტიკა (GMP) ჰიგიენური დამუშავების პირობების უზრუნველსაყოფად. ჰიგიენურ დამუშავებაში იგულისხმება აღჭურვილობის, ზედაპირების და დანადგარების რეგურალური დასუფთავება. ასევე აუცილებელია მინიმუმ წელიწადში ერთხელ თანამშრომლების გადამზადება HACCP-ის საკითხებში.
რისკი: არასათანადო შენახვამ შეიძლება გამოიწვიოს მავნე მიკროორგანიზმების ზრდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკვები ინახება არასწორ ტემპერატურაზე.
პრევენცია:
შეინახეთ მალფუჭებადი პროდუქტები შესაბამის ტემპერატურაზე ( მაცივარში 4°c-ზე და ქვემოთ ხოლო მინუს მაცივარში -18°C-ზე და ქვემოთ).
რეგულარულად უნდა ხდებოდეს ტემპერატურის მონიტორინგი და ჩანაწერების წარმოება, ხოლო სამაცივრე აგრეგატების და მზომი ხელსაწყოების კალიბრაცია მინიმუმ წელიწადში ერთხელ. მაცივარში პროდუქციის შენახვა უნდა ხდებოდეს კონტეინერებში და მაცივარი არ უნდა იყოს გადატვირთული, რათა ჰაერმა შეძლოს ცირკულაცია.
რისკი: საკვები შეიძლება დაბინძურდეს პათოგენებთან კონტაქტით როგორც ტრანსპორტირების დროს, ასევე საკვების მომზადების დროს, იმ შემთხვევაში როდესაც საკვები კონტაქტშია დაბინძურებულ ზედაპირებთან, აღჭურვილობასთან ან არაერთგვაროვან საკვებთან. ამ დროს საკვების დაბინძურების რისკი მატულობს.
პრევენცია:
საკვების ტრანსპორტირებისთვის ბიზნესოპერატორმა უნდა გამოიყენოს სუფთა კონტეინერები და სადისტრიბუციო მანქანებში საკვების გადაზიდვასთან ერთად არ უნდა ხდებოდეს სხვა არასაკვები ან არაერთგვაროვანი პროდუქციის ტრანსპორტირება.
საკვების დამზადების დროს აუცილებლად უნდა იყოს გამოყოფილი უმი და მზა საკვები ჯვარედინი დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.
რისკი: ბაზრები, მათ შორის სასურსათო მაღაზიები და ფერმერთა ბაზრები, შეიძლება იყოს საკვების დაბინძურების წერტილები ადამიანის მაღალი ტრაფიკისა და ჰიგიენის მრავალფეროვანი პრაქტიკის გამო.
პრევენცია:
ადგილობრივ რეგულაციებსა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა ბაზრის ტერიტორიაზე. მოვაჭრეებისა და ბაზრის თანამშრომლების სწავლება სურსათის უვნებლობის კუთხით. პირადი ჰიგიენის დაცვის უზრუნველყოფამ შეიძლება შეამციროს პროდუქტების დაბინძურების რისკი.
რისკი: წყალი, რომელიც გამოიყენება საკვების გადამუშავებაში, მომზადებაში და მორწყვაში, შეიძლება იყოს დაბინძურების წყარო, თუ ის არ არის სუფთა და უსაფრთხო.
პრევენცია:
დარწმუნდით, რომ საკვების გადამუშავებაში გამოყენებული წყალი აკმაყოფილებს უსაფრთხოების სტანდარტებს. გამოიყენეთ დამუშავებული ან სასმელი წყალი საკვებისა და საკვების კონტაქტური ზედაპირების გასარეცხად. რეგულარულად შეამოწმეთ წყლის წყაროები მინიმუმ წელიწადში ერთხელ მიკრობული დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით.
მიმართეთ სამედიცინო დახმარებას: დაუკავშირდით საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს, განსაკუთრებით თუ გაქვთ მძიმე სიმპტომები, როგორიცაა მაღალი სიცხე, გახანგრძლივებული ღებინება, დიარეა ან დეჰიდრატაციის ნიშნები.
იყავით დატენიანებული: დალიეთ ბევრი სითხე დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად.
შეატყობინეთ კვების ობიექტს, სადაც მიიღეთ ან იყიდეთ საკვები: აცნობეთ კვების ობიექტს თქვენი ავადმყოფობის შესახებ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ეჭვი გეპარებათ, რომ ეს გამოწვეული იყო კონკრეტული საკვები პროდუქტით, რომელიც მიიღეთ აღნიშნულ დაწესებულებაში, ასევე შეგიძლიათ მიმართოთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რათა მოხდეს ობიექტის შემოწმება და შეუსაბამობების აღმოჩენა, მათი არსებობის შემთხვევაში.
დაიცავით პირადი ჰიგიენა: ავადმყოფობის სხვებზე გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ხშირად დაიბანეთ ხელები, მოერიდეთ სხვებისთვის საკვების მომზადებას და ზედაპირების გაწმენდას და დეზინფექციას.
საკვებით გადამდები დაავადებების პრევენცია მოითხოვს სიფხიზლეს და ჰიგიენისა და უსაფრთხოების სანიმუშო პრაქტიკის დაცვას საკვების მიწოდების ჯაჭვის ყველა ეტაპზე. ფერმიდან სუფრამდე, რისკების გააზრებამ და პრევენციული ზომების განხორციელებამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს ამ დაავადებების შემთხვევები. იმ შემთხვევაში თუ თქვენ იქნებით ინფორმირებული და სწორ ნაბიჯებს გადადგამთ (ბიზნესოპერატორი თუ მომხმარებელი), თქვენ შეგიძლიათ უზრუნველყოთ უვნებელი საკვები წარმოება და მოხმარება, წარმოების ნებისმიერ ეტაპზე.
მიიღე ყოველკვირეული სიახლეები და ინფორმაცია სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით