ალბათ ყველას გაინტერესებთ, თუ რა დგას იმ სერვისების უკან, რომლებითაც ჩვენ ყოველდღიურად ვსარგებლობთ კვების ობიექტებში და რა პროცესების გავლა უწევთ კომპანიებს იმისთვის, რომ ჩვენ მათი მომხმარებლები გავხდეთ.
ერთ-ერთი ასეთი პროცესი შემომავალი კონტროლია.
შემომავალი კონტროლი არის ხარისხის უზრუნველყოფის პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს კომპანიის მიერ მიღებული ნედლეულის და შესაფუთის შემოწმებას. მისი მთავარი ამოცანაა, დარწმუნდეს, რომ პროდუქტები აკმაყოფილებენ დადგენილ სტანდარტებს, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ხარისხის პრობლემები საბოლოო წარმოებასა და სერვისში.
ეს პროცესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ ინდუსტრიებში, სადაც პროდუქტის ხარისხი პირდაპირ აისახება მომხმარებლის უსაფრთხოებასა და კმაყოფილებაზე, სწორედ ასეთია კვების მრეწველობა.
შემომავალი კონტროლი კრიტიკულია რამდენიმე მიზეზის გამო:
ხარისხის გარანტია უზრუნველყოფს, რომ კომპანიის წარმოებაში მოხვდეს მხოლოდ მაღალი ხარისხის მასალა.
ხარჯების შემცირება: დროულად გამოვლენილი ხარვეზები თავიდან აგვაცილებს საბოლოო პროდუქტის დეფექტებს, რაც ამცირებს ფინანსურ დანაკარგებს.
მომხმარებლის ნდობა: ხარისხიანი საბოლოო პროდუქტი ზრდის ბრენდის რეპუტაციას და ნდობას.
უსაფრთხოება: დაბალი ხარისხის ნედლეულმა შესაძლოა სერიოზული რისკები შეუქმნას მომხმარებელს.
რეგულაციების დაცვა: ბევრი ინდუსტრია ვალდებულია, შეასრულოს სახელმწიფო ან საერთაშორისო სტანდარტები. შემომავალი კონტროლი ამ მოთხოვნების დაცვის გარანტიაა.
დოკუმენტაციის გადამოწმება: კომპანიის მიერ მიღებული მასალები შეესაბამება თუ არა შეკვეთას (სერტიფიკატები, ტექნიკური დოკუმენტები).
ვიზუალური დათვალიერება: პროდუქტის ვიზუალური დეფექტებისა და დაზიანებების იდენტიფიცირება.
მიკრობიოლოგიური ანალიზი: საჭიროების შემთხვევაში, მასალების ხარისხი შემოწმდება ლაბორატორიაში ან სპეციალური მოწყობილობებით.
რეპორტის მომზადება: შემოწმების შედეგების დოკუმენტირება და პრობლემების ანალიზი.
პრობლემების მართვა: შეუსაბამო პროდუქტების უკან დაბრუნება, მომწოდებელთან პრობლემის განხილვა ან ალტერნატიული მომწოდებლის მოძიება.
შემომავალი კონტროლი იწყება მაშინვე, როდესაც ნედლეული, მასალა ან შესაფუთი შედის კომპანიის ტერიტორიაზე.
კონტროლი მოიცავს სამ ეტაპს:
მასალის მიღებისას: პირველადი შემოწმება ტრანსპორტირების დეფექტების გამოსავლენად.
დეტალური შემოწმება: ლაბორატორიული ტესტები ან სხვა სახის ანალიზი.
საწყობში განთავსებამდე: საბოლოო გადაწყვეტილება, მიღებულ იქნას თუ არა პროდუქტი საწყობში.
ხარისხის გაუმჯობესება: გამორიცხავს დაბალი ხარისხისა და შეუსაბამო ნედლეულის ან შესაფუთის მოხმარებას.
წარმოების ეფექტურობა: პრობლემური მასალები დროულად გამოირიცხება.
ხარჯების შემცირება: საბოლოო პროდუქტი არ იქნება შეუსაბამო მასალის შემცველი, შესაბამისად კომპანიას არ უწევს როგორც ადამიანური ისე ფინანსური რესურსის არამიზნობრივი ხარჯვა.
უსაფრთხოების უზრუნველყოფა: მომხმარებლის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა უკეთ არის დაცული.
დროისა და ადამიანური რესურსების ხარჯვა: დეტალურმა კონტროლმა შესაძლოა შეანელოს წარმოების პროცესები.
შეუსაბამობების უგულებელყოფა: თუ პროცესი არასწორად არის ორგანიზებული, ხარისხის პრობლემები შეიძლება მაინც წარმოიშვას.
უსიამოვნება მომწოდებლებთან: პროდუქციის ხშირი დაბრუნება და პრეტენზიები პრობლემებს უქმნის პარტნიორობას. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ პრიორიტეტი უვნებელი და ხარისხიანი პროდუქტის წარმოებაა და არა ბიზნეს ურთიერთობები.
ერთ-ერთი ცნობილი შემთხვევა Nestlé-ს კომპანიაში, როდესაც ისინი დიდ სკანდალში მოხვდნენ სურსათის დაბინძურების გამო.
2015 წელს, ინდოეთის მთავრობამ Nestlé-ს Maggi ბრენდის ლაფშას წარმოების შეჩერება მოითხოვა, რადგან ლაფშაში აღმოაჩინეს ჯანმრთელობისთვის მავნე ტყვიის შემცველობა. პრობლემა წარმოიშვა ნედლეულის – სუნელებისა და სხვა ინგრედიენტების ხარისხის გაუკონტროლებლობის გამო.
ამ მოვლენამ კომპანიას არა მხოლოდ ფინანსური ზიანი მიაყენა, არამედ მისი რეპუტაციაც კი შელახა.
შემომავალი კონტროლი არის უმნიშვნელოვანესი პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხს, მომხმარებლის უსაფრთხოებას და კმაყოფილებას, ასევე კომპანიის ეფექტურ მუშაობას.
მისი უგულებელყოფა დიდ საფრთხეებს უქმნის როგორც კომპანიის ფინანსებს, ისე მის რეპუტაციას.
კარგად ორგანიზებული და სტანდარტებზე მორგებული შემომავალი კონტროლი კი საწარმოსთვის წარმატების გასაღებია.
მიიღე ყოველკვირეული სიახლეები და ინფორმაცია სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით