მსოფლიოს მასშტაბით, ადამიანთა ფართო მასა საყიდლებზე სიარულს ფსიქოთერაპიად, გართობის და დასვენების საშუალებად მიიჩნევს. საკითხი ორაზროვანია – სასიამოვნო პროცესი თუ დამღლელი, სტრესული აქტივობა? ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, საყიდლების პროცესი, იქნება ეს სასურსათო თუ აქსესუარების ან ტანსაცმლის შეძენა, ადამიანებს უკვე არსებულ მოლოდინებს უმართლებს. სიახლის განცდა აღიქმება როგორც პოზიტიური მოვლენა, რომელიც მომხმარებელს პოზიტიურ განწყობას უქმნის.
საყიდლებზე სიარული, დამკვიდრებული ცნება როგორც ‘’შოპინგი’’ არის პროცესი, რომლის დროსაც თითოეული ადამიანი საკუთარ დროს, რესურსს და ფინანსებს კონკრეტული პროდუქტების შეძენის დროს ხარჯავს. შესაბამისად, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისოდ აღიარებული სურსათის უვნებლობის სტანდარტების თანახმად, დახლზე განთავსებული პროდუქცია მომხმარებლისთვის უნდა იყოს 100%-ით უსაფრთხო.
პროდუქტის შეძენის მომენტში აუცილებელია გარკვეული წესების დაცვა, რათა ჩვენს მიერ დახარჯული დრო და ფინანსები ფუჭი არ აღმოჩნდეს. სინამდვილეში, მომხმარებელთა უმრავლესობამ არ იცის როგორ შეარჩიოს საკვები პროდუქტები სუპერმარკეტების დახლებზე სწორად, რას ნიშნავს შეფუთვაზე დატანილი ესა თუ ის სტიკერი, აღმნიშვნელი სიმბოლო, სპეციფიკური ინგრედიენტების შემცველობის გამაფრთხილებელი ნიშნები და სხვა. Food Safety Alliance – ის ბლოგში დღეს სწორედ ამ თემას შევეხებით და გაგიზიარებთ როგორ შევარჩიოთ უვნებელი პროდუქტები სუპერმარკეტებში.
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია თუ სად ყიდულობთ სურსათს
უვნებელი სურსათის გარანტი არის ობიექტი, რომელიც ახდენს პროდუქტის რეალიზაციას. ხშირად, შედარებით დაბალი ფასის გამო, საზოგადოების ნაწილი უპირატესობას გარე მოვაჭრეებს, თვითნებურად მოწყობილ ხორცის მაღაზიას და სხვა ობიექტებს ანიჭებს. თუ ობიექტს არ აქვს აკრედიტაცია, არ არის დამოწმებული სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, არ აქვს დანერგილი HACCP-ი და მისი გარემო არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს გირჩევთ თავი შეიკავოთ ასეთ ობიექტებზე სტუმრობისგან. ობიექტებზე, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ზემოთჩამოთვლილ წესებს მაღალია პროდუქტის დაბინძურების რისკი და შესაბამისად მომხმარებლის პროდუქტით ინტოქსიკაციაც. რისკ ჯგუფებს წარმოადგენენ ორსულები, მცირეწლოვანი ბავშვები, ხანდაზმულები და ნებისმიერი ქრონიკული დაავადების მქონე პირები.
წაიკითხეთ პროდუქტის ეტიკეტი, ვიდრე კალათაში მოათავსებთ
გარდა ახალი პროდუქტისა, ყველა შეფუთულ საკვებსა და სასმელს შეფუთვაზე თან ერთვის ინგრედიენტების ჩამონათვალი. როგორც წესი, თითოეული ინგრედიენტი უფრო მაღალი პროპორციით არის ჩამოთვლილი. დარწმუნდით, რომ წაიკითხეთ რა ინგრედიენტებს შეიცავს თქვენი პროდუქტები და კარგია თუ არა თქვენი ორგანიზმისთვის.
ყურადღება მიაქციეთ ალერგენშემცველ პროდუქტებს და დარწმუნდით რომ გარკვეული სახეობის ალერგენზე არ გაქვთ ალერგია.
არ გამოგრჩეთ სპეციალური სიმბოლოები
არსებობს პროდუქტები, რომლებიც განსაკუთრებულ შენახვის პირობებს, მომზადების წესს და მირთმევის წესებსაც კი მოიცავენ. ასეთი პროდუქტებს განეკუთვნებიან უგლუტენო, უსაფუარო, ულაქტოზო და ორგანული სურსათი.
გლუტენი არის მცენარეული წარმოშობის ცილა, ცნობილი როგორც ‘’წებოვანა’’. გლუტენის გადასამუშავებლად ორგანიზმს დიდი რაოდენობით ფერმენტები სჭირდება. „გლუტენის აუტანლობა“ ცელიაკიას სახელითაა ცნობილი და ამ დაავადების მქონეთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. ასეთ პროდუქციას შეფუთვაზე თან ერთვის Gluten free – ნიშანი, რაც ნიშნავს, რომ ის უსაფრთხოა თქვენი ჯანმრთელობისთვის. შეფუთვებზე სხვა საყურადღებო ნიშნების რიგს განეკუთვნებიან ისეთი სიმბოლოები როგორიცაა: ,,ლაქტოზის გარეშე’’, გამუქებული წარწერები შემადგენლობაში ‘’ქერის ალაო, სვია, ალერგენების აღმნიშვნელი სიმბოლოები და სხვა.
ყოველთვის შეამოწმეთ გამოშვების თარიღი და ვარგისიანობის ვადა
არასდროს შეიძინოთ მალფუჭებადი პროდუქტი, რომელსაც აქვს 12 თვეზე მეტი შენახვის ვადა. მალფუჭებად პროდუქტებს, როგორიცაა რძის ნაწარმს, სოუსებით გაჯერებულ მზა კერძებსა და ძეხვეულს აქვს როგორც ვარგისიანობის ვადა, ასევე ვადა გახსნიდან. დახლებზე დააკვირდით ტემპერატურას – რა ტემპერატურაზე ინახება ესა თუ ის პროდუქტი.
დააკვირდით ხორცპროდუქტების დახლს და პროდუქტის ფერს
ცნობილია, რომ რაც უფრო ღია ფერისაა ხორცი და ქონი, მით უფრო ახალგაზრდა საქონელს ეკუთვნის ის. ხბოს ხორცი ღია ვარდისფერი და მკვრივია, რომელსაც თეთრი ფერის თხელი ცხიმის ფენა დაჰყვება. კარგ ხორცს მოვარდისფრო, მოწითალო გარსი აქვს, გაჭრის დროს კი გადანაჭერი ადგილას სიმკვრივე და ნოტიო ზონა იგრძნობა. გადანაჭერთან სითხე გამჭვირვალე ან ალისფერია, ხოლო სუნი სუფთა, უსიამოვნო ნოტების გარეშე. რაც შეეხება გაყინულ ხორცს, ხარისხიან გაყინულ ხორცს და მის ქონს ზუსტად ისეთივე მახასიათებლები უნდა აღენიშნებოდეს, როგორც ზემოთ აღვწერეთ. გაითვალისწინეთ, რომ ერთხელ განაყინი ხორცი გალღვობის შემდეგ მუქ ფერს იძენს, გასდის სითხე, არის მოშვებული, დაკარგული აქვს სიმკვრივე და თითის დაჭერის დროს პირვანდელ ფორმას ვერ იბრუნებს.
დასვით კითხვა ‘’როდის არის მიღებული პროდუქტი?’’ – გახსოვდეთ, რომ თითოეული სუპერმარკეტი პროდუქტებს იღებს მარაგის ამოწურვის შემდეგ. დარწმუნდით, რომ ყიდულობთ ახალ პროდუქციას. დააკვირდით ხილ ბოსტნეულის ფორმას – ხილ ბოსტნეული არ უნდა იყოს არც ძალიან მაგარი, მკვრივი, არც მომჭკნარი. თუ მწვანილს ან სხვა პროდუქტებს აღენიშნება ჭკნობა, პროდუქტი 2-3 ან მეტი დღის მანძილზეა დაყოვნებული. კითხვის დასმის დროს, ობიექტის წარმომადგენელი ვალდებულია მომხმარებელს ამომწურავი და უტყუარი ინფორმაცია მიაწოდოს.
შეფუთვა და ტრანსპორტირება სახლამდე
ჯანსაღ პროდუქტში არასწორი შეფუთვის შედეგად შესაძლოა ბაქტერიების გაჩენის რისკი გაიზარდოს და საკვები დაბინძურდეს. განსაკუთრებით მაშინ, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ფეხით გადაადგილდებით. მოითხოვეთ შესააბამისი შეფუთვა – მაგალითად გამომცხვარი ნაწარმისთვის მოითხოვეთ ქაღალდის შეფუთვა ან ყუთი, რომელიც სპეციალიზირებულია სპეციალურად ტრანსპორტირებისთვის.
დაგეგმეთ, გაწერეთ საყიდლების სია და ბიუჯეტი – ისევე, როგორც ვგეგმავთ მოგზაურობებს, ასევე დაგეგმეთ თქვენი ვიზიტი სუპერმარკეტში. ჩამოწერეთ თუ რა ნივთები გჭირდებათ სახლიდან გასვლამდე და იყავით კონცენტრირებული. თავი აარიდეთ იმპულსურ, გაუთვალისწინებელ ხარჯებს.
წყაროები:
https://www.betterhealth.vic.gov.au/health/healthyliving/food-safety-when-shopping
https://alignthoughts.com/how-to-choose-good-products-in-a-supermarket/
მიიღე ყოველკვირეული სიახლეები და ინფორმაცია სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით